მარიხუანა და გული – ბუნებრივი ბალახი ყოველთვის არ ნიშნავს უსაფრთხოს!

ბოლო წლებში მარიხუანას (კანაფის) მოხმარება მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბევრი მას ბუნებრივ და უვნებელ საშუალებად მიიჩნევს, თუმცა თანამედროვე სამეცნიერო მტკიცებულებები სულ უფრო ნათლად აჩვენებს, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის მისი გამოყენება სრულიად უსაფრთხო სულაც არ არის.

მარიხუანა შეიცავს რამდენიმე აქტიურ ნივთიერებას, რომელთაგან ყველაზე ცნობილია THC (ტეტრაჰიდროკანაბინოლი) და CBD (კანაბიდიოლი). THC იწვევს ეიფორიას და ფსიქოაქტიურ ეფექტს, ხოლო CBD-ს გარკვეული სამედიცინო გამოყენება აქვს. ზოგიერთ ქვეყანაში ექიმის დანიშნულებით კანაბინოიდები გამოიყენება ქრონიკული ტკივილის, ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევის, გაფანტული სკლეროზის დროს სპასტიკურობისა და ზოგიერთი იშვიათი ეპილეფსიის ფორმის სამკურნალოდ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მარიხუანას რეკრეაციული (გასართობი მიზნით, ეიფორიის მისაღებად, ექიმის დანიშნულების გარეშე) მოხმარება უსაფრთხოა.

THC გავლენას ახდენს გულსა და სისხლძარღვებზე. მისი მიღების შემდეგ ხშირად ხშირდება გულისცემა, შესაძლოა შეიცვალოს არტერიული წნევა და გაიზარდოს გულის კუნთის ჟანგბადზე მოთხოვნილება. გარდა ამისა, მარიხუანას მოწევისას წარმოქმნილი წვის პროდუქტები აზიანებს სისხლძარღვების შიდა გარსს და ხელს უწყობს ათეროსკლეროზის განვითარებას.

ბოლო წლებში გამოქვეყნებული კვლევები მიუთითებს, რომ მარიხუანას მოხმარება შესაძლოა დაკავშირებული იყოს შემდეგ გულ-სისხლძარღვთა გართულებებთან:

– მიოკარდიუმის ინფარქტი – შეიძლება გამოვლინდეს გულმკერდის მოჭერითი ტკივილით, ქოშინით, ცივი ოფლით, გულისრევით და ტკივილის გავრცელებით ხელში, მხარში, კისერში ან ყბაში.

– გულის რითმის დარღვევები (არითმიები) – შესაძლოა გამოიწვიოს გულის ფრიალი, არათანაბარი გულისცემა, თავბრუსხვევა, სისუსტე ან გონების დაკარგვა.

– ინსულტი – საყურადღებო ნიშნებია სხეულის ერთი ნახევრის სისუსტე ან დაბუჟება, მეტყველების დარღვევა, სახის ასიმეტრია, მხედველობის უეცარი გაუარესება.

– არტერიული წნევის მკვეთრი ცვლილებები – შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, სისუსტე, მხედველობის დაბინდვა ან გონების დაკარგვის შეგრძნება.

განსაკუთრებით საყურადღებოა ახალგაზრდა ასაკის მომხმარებლები და ადამიანები, რომლებსაც აქვთ არტერიული ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადება, არითმია, გულის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი ან ეწევიან თამბაქოს.

შევაჯამოთ: ბუნებრივი წარმოშობა ყოველთვის არ ნიშნავს უსაფრთხოებას. ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ მარიხუანა იცავს გულს ან აუმჯობესებს მის ფუნქციას. პირიქით, მზარდი სამეცნიერო მონაცემები მიუთითებს, რომ მისი გამოყენება შესაძლოა დაკავშირებული იყოს გულ-სისხლძარღვთა გართულებების გაზრდილ რისკთან. თუ იყენებთ მარიხუანას, განსაკუთრებით გულის დაავადების ან სხვა რისკ-ფაქტორების არსებობის შემთხვევაში, ამის შესახებ აუცილებლად აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

სტატიის ავტორი: კარდიოლოგი მანანა შევარდნაძე

ka_GE