სიმსუქნის მედიცინა — რატომ აღარ არის საკმარისი უბრალოდ „ნაკლები ჭამე და მეტი იმოძრავე“?

  • სიმსუქნე მხოლოდ ზედმეტი კილოგრამები არ არის. 
    დღეს სიმსუქნეს განვიხილავთ როგორც ქრონიკულ დაავადებას, რომლის განვითარებაზეც გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი — გენეტიკა, ჰორმონები, მადა და დანაყრება, ძილი, სტრესი, კვებითი ქცევა, გარემო და მეტაბოლური პროცესები.
    ამიტომ სიმსუქნის მკურნალობაც ინდივიდუალური უნდა იყოს.
    ზოგიერთ ადამიანში ცხოვრების წესის ცვლილება საკმარისი შეიძლება აღმოჩნდეს, თუმცა სხვებისთვის მხოლოდ დიეტა და ფიზიკური აქტივობა შედეგის შესანარჩუნებლად საკმარისი არ არის. ასეთ შემთხვევაში თანამედროვე მედიცინა გვთავაზობს დამატებით შესაძლებლობებს — მედიკამენტურ მკურნალობას, ენდოსკოპიურ მეთოდებს და ბარიატრიულ/მეტაბოლურ ქირურგიას.
    განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროგრესია ბოლო წლებში სიმსუქნის მედიკამენტურ მკურნალობაში. ახალი თაობის პრეპარატები, რომლებიც მოქმედებენ მადისა და დანაყრების მარეგულირებელ ჰორმონულ სისტემებზე, საშუალებას გვაძლევს სიმსუქნეს უფრო ეფექტურად ვუმკურნალოთ.

     რა არის რეტატრუტიდი?

    სიმსუქნის მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ახალი მიმართულებაა რეტატრუტიდი (Retatrutide).

    რეტატრუტიდი ჯერ არ არის დამტკიცებული პრეპარატი და მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება ამჟამად კლინიკურ კვლევებში ფინალურ ეტაპზეა.

    მისი განსაკუთრებული მახასიათებელია მოქმედების სამმაგი მექანიზმი.

    რეტატრუტიდი ერთდროულად ააქტიურებს:
  • GLP-1-ის რეცეპტორს — ამცირებს მადას და ხელს უწყობს დანაყრებას;
  • GIP-ის რეცეპტორს — გავლენას ახდენს გლუკოზისა და ენერგეტიკული მეტაბოლიზმის რეგულაციაზე;
  •  გლუკაგონის რეცეპტორს — ხელს უწყობს ენერგიის ხარჯვისა და მეტაბოლური პროცესების ცვლილებას.

    სწორედ ამიტომ მას „სამმაგ აგონისტს“ უწოდებენ.

    რატომ არის ის საინტერესო?

    დღეს უკვე გვაქვს GLP-1-ზე მოქმედი პრეპარატები და უფრო ახალი GLP-1/GIP ორმაგი აგონისტი — ტირზეპატიდი.

    რეტატრუტიდი კი კიდევ ერთი ნაბიჯით განსხვავდება — ის ამ სამივე ჰორმონულ გზას ერთდროულად იყენებს.

    კლინიკურ კვლევებში რეტატრუტიდმა აჩვენა სხეულის მასის მნიშვნელოვანი შემცირების პოტენციალი, რის გამოც იგი სიმსუქნის მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო პრეპარატად ითვლება.

    გარდა ამისა, კვლევების მიხედვით აღწერილია ისეთი დონის წონის კლება, რომელიც ბარიატრიული ქირურგიის შედეგად მიღებულ შედეგებს უახლოვდება და ზოგ შემთხვევაში მათთანაც კი არის შედარებული — თუმცა ეს მონაცემები ჯერ კიდევ კვლევების ეტაპზეა და საბოლოო დასკვნები უახლოეს მომავალში დაზუსტდება.

    თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს:

     რეტატრუტიდი ჯერ კვლევის ეტაპზეა.
    მისი საბოლოო ეფექტურობისა და უსაფრთხოების შეფასება მიმდინარე და მომავალი კლინიკური კვლევების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

     და მაინც, რა არის მთავარი?

    სიმსუქნის თანამედროვე მკურნალობის მიზანი მხოლოდ სასწორზე ნაკლები ციფრის მიღება არ არის.

    მიზანია მეტაბოლური ჯანმრთელობის გაუმჯობესება, გართულებების რისკის შემცირება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

    მედიცინა კი სწრაფად ვითარდება — და რეტატრუტიდი სწორედ იმ ახალი თაობის თერაპიების ნაწილია, რომლებმაც შესაძლოა მომავალში კიდევ უფრო შეცვალონ სიმსუქნის მკურნალობის შესაძლებლობები.

    სიმსუქნე არის დაავადება, რომელსაც მკურნალობა სჭირდება — და არა მხოლოდ ნებისყოფა.

    Article Author:  ენდოკრინოლოგი  ეკატერინე წაქაძე 
en_US