ფარისებრი ჯირკვლის დროული დიაგნოსტიკის მნიშვნელობა ენდოკრინოლოგიურ პრაქტიკაში

ენდოკრინოლოგიურ პრაქტიკაში ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიური მდგომარეობაა. ამ მცირე, პეპლისებრი ფორმის ორგანოს მიერ გამომუშავებული ჰორმონები პრაქტიკულად ყველა ორგანოთა სისტემის ნივთიერებათა ცვლას მართავს და მის ზუსტ და დროულ დიაგნოსტიკას, შეიძლება ითქვას, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს .

როგორც რადიოლოგი, ყოველდღიურ პრაქტიკაში ვხედავ, თუ რამდენად კრიტიკულია დაავადებების ადრეული გამოვლენა როგორც პაციენტის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის შესანარჩუნებლად , ისე გართულებების პრევენციაში.

თანამედროვე მედიცინაში ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების სრულფასოვანი შეფასება წარმოუდგენელია ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევების სინთეზის გარეშე – ლაბორატორიული მონაცემები გვიჩვენებს ორგანოს ფუნქციურ მდგოამრეობას ( მაგ. ჰიპოთირეოზის, ჰიპერთირეოზის და ა.შ) თუმცა, ის ვერ გვაწვდის ინფორმაციას ჯირკვლის სტრუქტურულ ცვლილებებზე. სწორედ აქ ერთვება საქმეში ულტრაბგერითი კვლევა (ექოსკოპია), რომელიც მთავარ და საუკეთესო არაინვაზიურ და უსაფრთხო ვიზუალიზაციის მეთოდს წარმოადგენს .

ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფია რეკომენდებულია მაშინ, როდესაც პაციენტს აღენიშნება კისრის არეში დისკომფორტი, ყლაპვის გაძნელება,ხმის ჩახლეჩა, უცხო სხეულის შეგრძნება ან ვიზუალური ასიმეტრია. ასევე, კვლევის საფუძველია ისეთი ზოგადი სიმპტომები, როგორიცაა წონის უმიზეზო ცვლილება, ქრონიკული დაღლილობა, გულისცემის გახშირება, თმის ცვენა და განწყობის მკვეთრი მერყეობა. ასევე ექოსკოპია აუცილებელია კისრის მიდამოს პალპაციისას (ხელით გასინჯვისას) აღმოჩენილი ნებისმიერი გამაგრების ან კვანძის დროს. კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირებისთვის, რომელთაც აქვთ ოჯახური ანამნეზი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების ან ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მხრივ, აგრეთვე პაციენტებში, რომლებიც ცხოვრობენ იოდის დეფიციტის რეგიონებში.

პაციენტს შეიძლება ჰქონდეს სრულიად ნორმალური ჰორმონული მაჩვენებლები, მაგრამ ექოსკოპიით გამოვლინდეს კვანძოვანი ჩიყვი ან ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტისთვის დამახასიათებელი ცვლილებები, მათ შორის , მინდა ხაზგასმით გამოვყო, რომ შესაძლოა გამოვლინდეს ონკოლოგიური პროცესიც კი, მაშინ როდესაც ძირითადი ლაბ. მონაცემებიც ნორმაშია და პაციენტს არ აღენიშნება რაიმე კლინიკური გამოვლინება ან სპეციფიკური ჩივილი , ამიტომაც ექოსკოპიური კვლევა და ლაბორატორიული ანალიზები ერთმანეთს ავსებს და ერთმანეთის ალტერნატივას არ წარმოადგენს.

ექოსკოპია საშუალებას გვაძლევს დეტალურად შევაფასოთ ფარისებრი ჯირკვლის მდებარეობა , ფორმა , ზომა/მოცულობა , სისხლმომარაგება, სტრუქტურული და კეროვანი ცვლილებები , რაც ყველაზე მთავარია, კვანძოვანი წარმონაქმნების არსებობა და მათი მახასიათებლები. ამერიკის რადიოლოგიის კოლეჯის მიერ მოწოდებული შეფასების სიტემის „ ACR TI-RADS“ კლასიფიკაციით, რადიოლოგს შესაძლებლობა აქვს მაღალი სიზუსტით შეაფასოს კვანძის ავთვისებიანობის რისკი — მათი კონტურები, ფორმა, ექოგენობა, ექოსტრუქტურა, კალციფიკაციები . საჭიროების შემთხვევაში იგეგმება დამატებითი კვლევა , მათ შორის წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია (FNAB) ციტოლოგიური გამოკვლევა , რათა გამოვავლინოთ სიმსივნე საწყის ეტაპზე, როდესაც სრული განკურნებისა და ხანგრძლივი რემისიის შანსი მაქსიმალურად მაღალია (თითქმის 100%-ს აღწევს ). გარდა ამისა კვლევისას ვაფასებთ კისრის ლიმფური კვანძების მდგომარეობას, მიმდებარე რბილ ქსოვილებს , სისხლძარღვებს და ა.შ.

როგორც უკვე ვთქვი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების წარმატებული მართვის საფუძველი არის დროული და კომპლექსური დიაგნოსტიკა. ულტრაბგერითი კვლევა, ლაბორატორიულ მონაცემებთან და კლინიკურ შეფასებასთან ერთად, საშუალებას გვაძლევს დაავადება გამოვავლინოთ ადრეულ ეტაპზე, სწორად შევაფასოთ რისკები და პაციენტს შევთავაზოთ ინდივიდუალური, ეფექტური და სწორი სამკურნალო ტაქტიკა.

სტატიის ავტორი: ქრისტინე გაბადაძე

ka_GE