Skip to content Skip to footer

ჩვენი გუნდი

პროფესიონალები თქვენი ჯანმრთელობისთვის

ჩემი გზა სიფხიზლისკენ: აღიარებიდან ახალ ცხოვრებამდე

მე ვარ ოთო, 34 წლის. ჩემი ამბავი ალკოჰოლთან დაკავშირებით 15 წლის ასაკიდან იწყება, როცა ის ჩემს ცხოვრებაში, როგორც გართობისა და კომუნიკაციის საშუალება, ისე შემოვიდა. თუმცა, ოჯახში, სადაც ბაბუისა და მამის მხრიდან ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების მოწმე ვიყავი, ეს “გართობა” მალე ჩვევად იქცა. გარემო სავსე იყო კამათით, ბრაზით, აგრესიით, ტყუილითა და იმედგაცრუებით — სწორედ ამან დაუდო საფუძველი ჩემს დამოკიდებულებას.

ჩაძირვა: როცა დაავადებამ კონტროლი აიღო

ჩემი სირთულეები განსაკუთრებით 21 წლიდან გამძაფრდა, როდესაც უკვე საკუთარი ოჯახი მქონდა. ეგოცენტრულად ვითხოვდი, რომ ყველა ჩემს ირგვლივ ისე მოქცეულიყო, როგორც მე წარმომედგინა. ვერ ვაცნობიერებდი, რომ დამოკიდებული ვიყავი და რომ ეს არის დაავადება, რომელიც ნელ-ნელა მაკარგვინებდა ყველაფერს — საკუთარ თავს, ცხოვრებასა და ჩემთვის ძვირფას ადამიანებს.

ფსკერზე: დანაკარგები და უშედეგო მცდელობები

ვცადე მკურნალობის უამრავი ძველი თუ ახალი მეთოდი, ანტიალკოჰოლური ვაქცინები, ფსიქოლოგთან ვიზიტები, მაგრამ თითოეული მცდელობა კრახით სრულდებოდა და ყოველ ჯერზე უფრო ღრმად ვიძირებოდი. დავკარგე სამსახური, დამენგრა ოჯახი, გავანადგურე ურთიერთობები ყველასთან და საკუთარ თავთანაც კი. სინანული და სირცხვილი მუდმივად თან მდევდა, მაგრამ სმას თავს მაინც ვერ ვანებებდი — თითქოს ყველა ტკივილს ალკოჰოლით ვფარავდი.

გარდატეხა: 12 ნაბიჯის პროგრამა და აღიარების ძალა

სწორედ მაშინ, როცა გამოსავალს ვეღარ ვხედავდი, აღმოვაჩინე 12 ნაბიჯის პროგრამა და საზოგადოება ადამიანებისა, რომლებიც ადრე ზუსტად ჩემსავით იტანჯებოდნენ, მაგრამ დღეს უკვე მშვიდად და მადლიერებით ცხოვრობდნენ.

სწორედ იქ ვისწავლე მთავარი — რომ ნამდვილი ძალა აღიარებაში და დახმარების თხოვნაშია. ჩემი გამოჯანმრთელება მხოლოდ მაშინ დაიწყო, როდესაც ვაღიარე ჩემი მდგომარეობა და მივიღე სხვების მხარდაჭერა.

გამოჯანმრთელების გზა და საკუთარი თავის შეცნობა

ეს გზა სირთულეებით იყო სავსე. დავინახე, რომ დამოკიდებულის ტვინი გამუდმებით იმეორებს ნაცნობ, თუნდაც დამანგრეველ პატერნებს, რადგან ეს მისთვის ერთგვარი “უსაფრთხოებაა”. მივხვდი, რომ ადრე მხოლოდ ჩემს სურვილებზე (“მინდა”) ვიყავი ორიენტირებული და ვერ ვხედავდი რეალურ საჭიროებებს. ჩემი ეგოცენტრიზმი და სიმძიმე ყველაფერს ფარავდა და საკუთარ პრობლემებში მუდამ სხვებს ვადანაშაულებდი, მაშინ როცა ეს ჩემი პასუხისმგებლობა იყო.

დღეს: სამი წელი სიფხიზლეში

დღეს უკვე ვისწავლე სირთულეებთან გამკლავება და საკუთარი როლის დანახვა იქ, სადაც ადრე მხოლოდ სხვების ბრალს ვეძებდი. სამი წელია, რაც ამ პროგრამით ვხელმძღვანელობ და ჩემი ცხოვრება ბევრად უფრო მშვიდი, ნათელი და ჯანსაღია. დავიბრუნე ჯანმრთელობა, აღვიდგინე ურთიერთობები, ვისწავლე საკუთარი თავის მიღება და ვგრძნობ მადლიერებას. ვცდილობ, ვიყო პროდუქტიული და სხვებისთვის სასარგებლო.

ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ დღეს ვგრძნობცოცხალი ვარ.

ჩემი გზა ორმაგი დამოკიდებულებიდან სრულფასოვან ცხოვრებამდე

მე ვარ გიორგი, 27 წლის. ჩემი ისტორია ალკოჰოლსა და მარიხუანაზე დამოკიდებულებას ეხება. ყველაფერი 14 წლის ასაკში, ალკოჰოლის იშვიათი მოხმარებით დაიწყო, თუმცა წლების განმავლობაში სიხშირემ მოიმატა. დროთა განმავლობაში, ალკოჰოლმა ჩემთვის ეფექტი დაკარგა, რამაც „ნივთიერების“ ჩანაცვლება გამოიწვია და მარიხუანას მოწევაზე გადავედი.

გაქცევა რეალობიდან და მისი შედეგები

წლების განმავლობაში მოხმარება ჩემთვის იყო გზა, გავქცეოდი საკუთარ ფიქრებს, ემოციებს, კომპლექსებსა და ცხოვრებისეულ სირთულეებს. თუმცა, ამ გაქცევას მძიმე გვერდითი მოვლენები ახლდა თან:

  • გაფუჭებული ურთიერთობები: ოჯახის წევრებთან კავშირი თითქმის განადგურებული მქონდა.
  • შინაგანი ბრძოლა: ვიტანჯებოდი არასრულფასოვნების კომპლექსით.
  • სოციალური იზოლაცია: მქონდა არაჯანსაღი ურთიერთობები და მიჭირდა ახალი, ჯანსაღი კავშირების დამყარება.
  • ფიზიკური პრობლემები: ჯანმრთელობაც საგრძნობლად შემერყა.

იმის მაგივრად, რომ ამ პრობლემებისთვის მიმეხედა, მე კვლავ ადვილ გზას ვირჩევდი — მოხმარებას. ვცდილობდი ტკივილები ამ გზით გამეყუჩებინა, მაგრამ საბოლოოდ მივედი ეტაპამდე, როცა ნივთიერებებიც ვეღარ მშველოდა.

გარდატეხა და გამოჯანმრთელების გზა

22 წლის ასაკში ჩემს ცხოვრებაში 12 ნაბიჯის პროგრამა შემოვიდა, რომელსაც უკვე 4 წელიწად-ნახევარია მივყვები. ამ გადაწყვეტილებამ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.

დღევანდელობა: ახალი ცხოვრება და სრულფასოვნება

პროგრამის დახმარებით სრულიად ახალი, ადეკვატური და ჯანსაღი შეხედულებები და ფასეულობები ჩამომიყალიბდა.

  • აღდგენილი ურთიერთობები: დამილაგდა ურთიერთობები ოჯახის წევრებთან.
  • ახალი მეგობრები: შევიძინე მეგობრები, რომლებთანაც გულწრფელი და ჯანსაღი ურთიერთობა მაქვს.
  • გაუმჯობესებული ჯანმრთელობა: მოწესრიგდა როგორც ჩემი ფიზიკური, ასევე მენტალური მდგომარეობა.

დღეს მე აღარ მჭირდება აზროვნების შემცვლელი ნივთიერებები იმისთვის, რომ თავი ვიგრძნო უსაფრთხოდ, მიღებულად, ბედნიერად და საკმარისად. ვისწავლე, როგორ მივიღო ცხოვრებისგან სიამოვნება ჯანსაღი გზებით და ვიყო მადლიერი იმით, რაც გამაჩნია.

ვიდეო გალერეა

მოგვწერე

ქვემოთ მოცემული ფორმით

    ka_GE