თბილისი, ელიზბარ მინდელის 7 ბ
თუ ჩემს პარტნიორს არ აქვს სექსუალური მოთხოვნილება, ეს ჩემი ბრალია? ესე იგი, არ ვარ მისთვის სასურველი?
ამ დროს ადამიანი ზედმეტ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე. მნიშვნელოვანია, მოხდეს პასუხისმგებლობის გადანაწილება და საკუთარ საზღვრებში დარჩენა. თქვენი სასურველობა არ განისაზღვრება მხოლოდ იმით, რომ პარტნიორმა კონკრეტულ შეთავაზებაზე უარი თქვა. მისი სურვილის ნაკლებობა შესაძლოა თქვენთვის უარყოფად აღიქმებოდეს, თუმცა, თუ დაინტერესდებით და გამოარკვევთ მიზეზს, ეს ორივესთვის სასარგებლო იქნება.
ყოველთვის უნდა დავაკმაყოფილო პარტნიორი?
სიტყვა „უნდა“ ზედმეტ ვალდებულებას აკისრებს ადამიანს, თითქოს იგი საკუთარ თავთან გარკვეულ თამასას ადგენს, რაც შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს მის შესაძლებლობებზე. პირველ რიგში, ეცადეთ, სიტყვა „უნდა“ შეცვალოთ „მინდა“-თი და „შემიძლია“-თი.
თუ სექსის შემდეგ პარტნიორი ცოტათი მოწყენილია და უხასიათოა, ესე იგი, მას არ მოეწონა ჩემთან ურთიერთობა?
ხშირად გვაქვს ტენდენცია, მხოლოდ ნეგატიურ ასპექტებზე ვიყოთ ფოკუსირებული, რაც არასწორია. კონკრეტული პარტნიორის კმაყოფილება ან უკმაყოფილება არ განსაზღვრავს თქვენს შესაძლებლობებს.
თუ ერთხელ სექსუალური აქტისას ფიასკო განვიცადე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ყოველთვის ცუდი ვიქნები სექსში?
განზოგადოება არასწორია. თუ კარგად გააანალიზებთ ამ კონკრეტულ შემთხვევას, აღმოაჩენთ, რომ იყო გარკვეული ფაქტორები, რომლებმაც თქვენზე უარყოფითად იმოქმედა. საკუთარი თავის უკეთ შეცნობა დაგეხმარებათ, მომავალში მსგავსი არასასურველი სიტუაციების თავიდან აცილებაში.
თუ ინტიმურ ურთიერთობაზე უარს ვეტყვი პარტნიორს, შეიძლება მას ჩემი მიმართ გრძნობები გაუნელდეს?
ღია კომუნიკაცია, საკუთარი სურვილების გაზიარება და ურთიერთგაგება თქვენს სექსუალურ ცხოვრებას და პირად ურთიერთობებს უფრო ჰარმონიულს გახდის.
თუ პარტნიორს არ აქვს ძლიერი მოთხოვნილება ჩემთან ინტიმური ურთიერთობის, თავს დამნაშავედ ვგრძნობ და მგონია, რომ არ ვარ საკმარისად კარგი.
თქვენს ღირებულებას და საკმარისობას არ განსაზღვრავს მეორე ადამიანის სურვილი ან გულგრილობა. მნიშვნელოვანია, გულღია საუბრის გზით გამოარკვიოთ, რა პროცესები მიმდინარეობს მასში. ემპათიური დამოკიდებულება თქვენს პარტნიორთან, დიდი ალბათობით, დადებითად აისახება მის სურვილზე.
როცა მამაკაცი ამბობს, რომ პარტნიორის ყველა შემოთავაზებაზე აუცილებლად უნდა ჰქონდეს სექსუალური სურვილი.
მამაკაცი შეიძლება ამ მოსაზრებას თავის თვითშეფასებასთან (მამაკაცურობასთან) აიგივებდეს. თუმცა, ინტიმური ურთიერთობის ხარისხი მეტწილად რეალურ სურვილზე დამყარებულ ქმედებებზეა დამოკიდებული და არა იმ იძულებაზე, რომელსაც ადამიანი საკუთარ თავს უწესებს.
თუ წყვილს შორის სექსუალური შეუთავსებლობაა, უნდა დაშორდნენ ერთმანეთს?
სექსუალური შეუთავსებლობის მიზეზი, პირველ რიგში, ურთიერთობაშივე უნდა მოიძებნოს. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთთან ღიად საუბარი და სურვილების გაზიარება. აქტიური მოსმენა და ერთმანეთის მიღება ხელს უწყობს მჭიდრო კავშირის ჩამოყალიბებას, რაც აუცილებლად აისახება სექსუალურ ცხოვრებაზეც.
ყველა ინტიმური კავშირი უნდა იყოს იდეალური?
საჭიროა, ჯანსაღი შეხედულება ჩამოყალიბდეს ინტიმურ ურთიერთობებზე. სექსუალური აქტი არ არის გამოცდა, რომელიც აუცილებლად წარმატებით უნდა ჩავაბაროთ. ეს არის სიამოვნების წყარო, რომელშიც ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესში ყოფნა და სიამოვნების მიღებაა.
სექსუალური აქტის დროს ვფიქრობ, რომ არ გამოვიყურები სასურველად ჩემი პარტნიორისთვის.
ეს წარმოდგენა, შესაძლოა, წარსული გამოცდილებიდან მოდიოდეს, რომელსაც რეალურად არანაირი კავშირი არ აქვს თქვენს ამჟამინდელ რეალობასთან. თუ წარსული ტრავმები სათანადოდ დამუშავდება, თქვენი წარმოდგენები შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს.
