Skip to content Skip to footer

შფოთვა – პიროვნული ზრდისა და ცვლილების საჭიროების სიგნალი

შფოთვის ზოგადი დახასიათება

შფოთვა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მდგომარეობაა. ზოგიერთი ადამიანი მას განიცდის დროებით, როგორც რეაქციას კონკრეტულ გამაღიზიანებელზე, ზოგიერთისთვის კი ქრონიკული სახე ეძლევა, დამახასიათებელი ძლიერი უარყოფითი ემოციებით და იტანჯება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მიუხედავად შფოთვის ხანგრძლივობისა და ინტენსივობისა, იგი მიუთითებს ადამიანის შინაგან კონფლიქტზე.

შფოთვის მიზეზები და გამოვლინებები

ხშირად, შფოთვის მიზეზები გაუცნობიერებელია, თუმცა, მიუხედავად ამისა,  იგი განსაზღვრავს ადამიანის ქცევას და ზეგავლენას ახდენს ყოველდღიურობაზე. შფოთვის წარმოშობის მიზეზი ხშირად არის ადამიანში არსებული სურვილებისა და შეხედულებების დაპირისპირება ერთმანეთთან. შესაძლებელია ჰქონდეს ძლიერი სურვილი დამოუკიდებლობის, თუმცაღა უჩნდებოდეს ამავდროულად შიშის განცდა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებასთან ერთად შესაძლოა დაკარგოს სხვების მხარდაჭერა.

ფიზიკური სიმპტომები

მსგავსი შინაგანი კონფლიქტები ვლინდება ხოლმე შფოთვის სახით ადამიანში. ამ დროს სხეულებრივი გამოვლინებები შესაძლოა იყოს:

– გულის აჩქარება

– წნევის ცვალებადობა

– უენერგიობა

– მოჭერითი შეგრძნებები როგორც კიდურებში, ასევე თავის არეში

– ცხელი და ცივი შეგრძნებები სხეულში

შფოთვის ჩამოყალიბება ბავშვობაში

შინაგანი კონფლიქტი ხშირად იწყება ადრეულ ბავშვობაში, როდესაც ბავშვი სწავლობს, როგორ უნდა მოერგოს გარემოს მოთხოვნებს. მაგალითად, თუ ბავშვს ასწავლიან, რომ საკუთარი სურვილების გამოხატვა არასწორია ან საფრთხის შემცველია, ის შეიძლება გაიზარდოს მუდმივი შინაგანი დაძაბულობით.

შფოთვა, როგორც განვითარების შესაძლებლობა

მიუხედავად იმისა, რომ შფოთვა უსიამოვნო განცდაა, ის ასევე შეიძლება იყოს პიროვნული ზრდისა და ცვლილების საჭიროების სიგნალი. როდესაც ადამიანი შფოთვას განიცდის, ეს მეტწილად ნიშნავს, რომ მის შიგნით არსებული დაპირისპირება მოითხოვს გააზრებას, გაცნობიერებას და გადაჭრას.

შფოთვის დაძლევის გზები

შფოთვისგან თავის დასაღწევად საჭიროა გააცნობიეროთ, რა არის თქვენი შფოთვის ძირითადი წყარო. უნდა აღიქვათ შფოთვა არა როგორც თქვენი მტერი, არამედ როგორც თქვენი ფსიქიკის ნაწილი, რომელიც გეუბნებათ, რომ რაღაც გაუცნობიერებელი პრობლემა არსებობს. ფსიქოთერაპია და ემოციური მხარდაჭერა შეიძლება მნიშვნელოვანი რესურსი იყოს შფოთვის შესამცირებლად.

და მაინც, რა არის შფოთვა? კარგია თუ ცუდი?

შფოთვა არ არის უბრალოდ უარყოფითი ემოცია, რომელსაც უნდა გავექცეთ. ის წარმოადგენს შინაგანი კონფლიქტის სიგნალს, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, დავინახოთ და გავაანალიზოთ ჩვენი ღრმა ემოციური და ფსიქოლოგიური პროცესები. მისი გააზრება და გადაჭრა ხელს უწყობს ემოციურ ზრდას, თავდაჯერებულობის განვითარებას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

ავტორი: ჯაბა ყრუაშვილი

ka_GE