Skip to content Skip to footer

უსაფრთხო დასვენება ზაფხულში: ოჯახის ექიმის რჩევები

სტატიის ავტორი: ანა ბოლღაშვილი
ოჯახის ექიმი

 

ზაფხული მოგზაურობისა და ბუნებაში განტვირთვის საუკეთესო დროა. თუმცა, გარემოსა და კვების რეჟიმის ცვლილება ხშირად ჯანმრთელობის გარკვეულ რისკებს უკავშირდება. განსაკუთრებით საყურადღებოა ეს პერიოდი ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის.

 

იმისათვის, რომ დამსახურებული დასვენება უსიამოვნო მოგონებად არ იქცეს, აუცილებელია, წინასწარ მოემზადოთ და გაითვალისწინოთ პირადი ექიმის რჩევები.

რა უნდა ჩადოთ სამგზავრო აფთიაქში?

 

მოგზაურობისას აუცილებლად იქონიეთ პირველადი დახმარების მედიკამენტები, რათა მზად დახვდეთ გაუთვალისწინებელ შემთხვევებს:

  • სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები: თან იქონიეთ პარაცეტამოლი ან იბუპროფენი, რომლებიც ეფექტურია როგორც ტემპერატურის დასაწევად, ასევე თავის თუ სხვა სახის ტკივილის გასაყუჩებლად.

  • ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტები: მაშინაც კი, თუ ალერგიული არ ხართ, გარემოს ცვლილებამ, მცენარეებმა ან მწერის ნაკბენმა შესაძლოა მოულოდნელი რეაქცია გამოიწვიოს.

  • მზისა და მწერებისგან დამცავი საშუალებები: მზისგან დამცავი კრემი მაღალი SPF ფაქტორით და მწერების საწინააღმდეგო რეპელენტი ზაფხულის განუყრელი ატრიბუტია.

  • ჭრილობისა და დამწვრობის მოსავლელი საშუალებები: ანტისეპტიკური ხსნარი, სტერილური ბინტი, პლასტირი და დამწვრობის საწინააღმდეგო მალამო ნებისმიერ დროს შეიძლება დაგჭირდეთ.

  • კუჭ-ნაწლავის პრობლემების მოსაგვარებელი მედიკამენტები: მოგზაურობისას ხშირია კვებითი ინტოქსიკაცია ან დისკომფორტი. შესაბამისი მედიკამენტები დაგეხმარებათ სიმპტომების სწრაფად მოხსნაში.

  • ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები: თუ მუდმივად იღებთ რაიმე წამალს, დარწმუნდით, რომ დასვენების პერიოდისთვის საკმარისი მარაგი გაქვთ.

 

ყურადღება მიაქციეთ ჰიგიენასა და კვებას

 

ზაფხულში იზრდება ნაწლავური ინფექციების რისკი. თავიდან ასაცილებლად, დაიცავით მარტივი წესები:

  • სვით მხოლოდ სანდო წყაროდან: თუ წყლის ხარისხში დარწმუნებული არ ხართ, აადუღეთ ის ან გამოიყენეთ მხოლოდ ბოთლში ჩამოსხმული წყალი.

  • საფუძვლიანად გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული: გამოიყენეთ გამდინარე წყალი, რათა ჩამორეცხოთ მიკრობები და პესტიციდები.

  • მოერიდეთ თერმულად დაუმუშავებელი პროდუქტების მიღებას: უპირატესობა მიანიჭეთ ცხელ, ახლად მომზადებულ კერძებს.

  • ხშირად დაიმუშავეთ ხელები: თან იქონიეთ სადეზინფექციო ხსნარი და გამოიყენეთ ის საზოგადოებრივ ადგილებში ყოფნის დროს/შემდეგ.

 

დაიცავით თავი მზისა და სიცხისგან

 

მაღალმა ტემპერატურამ და მზის პირდაპირმა სხივებმა შესაძლოა მზის დაკვრა ან სითბური გამოფიტვა გამოიწვიოს.

  • ატარეთ ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი: ნატურალური ქსოვილის სამოსი კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს.

  • დაიხურეთ ქუდი ან კეპი: დაიცავით თავი და სახე მზის პირდაპირი სხივებისგან, განსაკუთრებით შუადღის საათებში (11:00-დან 17:00-მდე).

  • რეგულარულად მიიღეთ სითხე: სვით დიდი რაოდენობით წყალი, მაშინაც კი, თუ არ გწყურიათ, რათა თავიდან აიცილოთ გაუწყლოება.

 

დაიწყეთ დასვენება მომზადებით

 

სიმშვიდე და ჯანმრთელობა თქვენი საუკეთესო დასვენების გარანტიაა. მოგზაურობის დაგეგმვამდე გაიარეთ კონსულტაცია პირად ექიმთან, განსაკუთრებით თუ გაქვთ ქრონიკული დაავადებები ან გეგმავთ ბავშვებთან ერთად მოგზაურობას. ის მოგცემთ დამატებით, თქვენს საჭიროებებზე მორგებულ რეკომენდაციებს.

ka_GE