Skip to content Skip to footer

როდის გვჭირდება ერთდროულად რამდენიმე ექიმის კონსულტაცია?

მოგესალმებით ყველას.

დღეს მინდა მოგიყვეთ, თუ ხანდახან რატომ არის აუცილებელი, რომ ერთ პაციენტს ორი ან სამი ექიმი მკურნალობდეს: კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი და ა.შ.

ასეთ პაციენტებს თითქმის ყოველდღიურად ვხვდები ჩემს კაბინეტში. გულის პრობლემები და ჩივილები ყოველთვის გულიდან არ იწყება. უმეტესად პაციენტების ჩივილების მიზეზი ჰორმონებშია. როცა გულზე ჩივილი გაქვთ — დაღლილობა, უჰაერობა, ტკივილი გულის არეში, გულის ფრიალი, არტერიული წნევის მერყეობა, არითმია — არ გაგიკვირდეთ, რომ კარდიოლოგმა სტანდარტულ კარდიოლოგიურ კვლევებთან ერთად ენდოკრინოლოგიური კვლევები და ენდოკრინოლოგის ჩართულობა მოითხოვოს, და პირიქით — ენდოკრინოლოგმა კარდიოლოგთან ვიზიტი დანიშნოს შესაბამისი კვლევებით.

  1. მაგალითისთვის, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებისას — როცა დარღვეულია ისეთი მნიშვნელოვანი ჰორმონები, როგორებიცაა T3, T4, TSH — ვლინდება ჰიპერ- ან ჰიპოთირეოზი (ერთ- ან მრავალკვანძოვანი, ან დიფუზური ჩიყვი). პაციენტს ზემოთ აღნიშნულ ჩივილებთან ერთად აქვს შფოთვა, ზოგჯერ ცხელება, ძილის დარღვევა, ტაქიკარდია, არითმია, ზოგადი სისუსტე, დაღლილობა და უჰაერობა. ხშირად ვითარდება წინაგულთა ფიბრილაცია — მოციმციმე არითმიის პაროქსიზმი, რაც უკვე ინსულტის რისკს წარმოადგენს. ასევე, შესაძლოა განვითარდეს ბრადიკარდია, პერიკარდიული გამონაჟონი, შეშუპებები, დისლიპიდემია, რასაც მივყავართ გულისა თუ თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზამდე. ასეთ დროს, თუ კარდიოლოგი მხოლოდ გულის რიტმს ამშვიდებს და ჰორმონები მოუწესრიგებელი რჩება, მკურნალობის შედეგს არ უნდა ველოდოთ.

  2. იგივე ხდება, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის დროს. შაქრიანი დიაბეტი აზიანებს სისხლძარღვის შიგნითა გარსს — ენდოთელიუმს, რაც ათეროსკლეროზის განვითარების წინაპირობაა. გულის კუნთი იჭიმება, სქელდება და ასეთ პაციენტს შეიძლება გულის არეში ტკივილი არ ჰქონდეს — მიმდინარეობს „მუნჯი იშემია“, რადგან ნერვული დაბოლოებებიც ზიანდება (ამას დიაბეტური ნეიროპათია ჰქვია) და ინფარქტიც ჩუმად ვითარდება. გადატანილი ინფარქტისას კი გულის კუმშვადობა ქვეითდება და ნელ-ნელა ვითარდება იშემიური კარდიომიოპათია მძიმე გულის უკმარისობით. ამიტომ დიაბეტის დიაგნოზი არ უნდა გამოგვეპაროს და დროულად უნდა ჩატარდეს შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები.

    გარდა ამისა, დიაბეტიანი პაციენტი ხშირად ინფარქტის გარეშეც გრძნობს ისეთ ჩივილს, როგორიცაა დაღლა, რადგან გლუკოზის დონის ქრონიკული დაურეგულირებლობა მუდმივად აყენებს მიკროდაზიანებებს გულსა და გულის მკვებავ სისხლძარღვებს — ე.წ. კორონარულ არტერიებს. ამასთან ერთად ქვეითდება შრომისუნარიანობა და სიცოცხლის ხარისხი. დიაბეტიანი პაციენტები მიეკუთვნებიან გულისა თუ თავის ტვინის ინფარქტის (ანუ იშემიური ინსულტის) განვითარების მაღალი რისკის ჯგუფს.

  3. არტერიული წნევა ვერ დარეგულირდება, რაოდენ ბოლო თაობის ანტიჰიპერტენზიული მკურნალობაც უნდა დანიშნოს კარდიოლოგმა, თუ პაციენტმა ენდოკრინოლოგის დახმარებით გლიკემიის ნორმალიზება არ მოახდინა.

  4. მენოპაუზა — ესტროგენების დაქვეითება და გულის დაცვა ამ დროს. ქალბატონები მენოპაუზამდე ბუნებრივი ჰორმონებით — ესტროგენებით არიან დაცული გულ-სისხლძარღვთა გართულებებისგან. ეს ჰორმონები ინარჩუნებენ ორგანიზმში ნორმალურ ლიპიდურ ცვლას, უზრუნველყოფენ სისხლძარღვთა ელასტიურობას და თრგუნავენ ანთების მედიატორებს სისხლძარღვის კედელში.

    მენოპაუზისას იწყება ესტროგენების კლება და შესაბამისად:

    • არტერიული წნევის მატება და მერყეობა;

    • ლიპიდური ცვლის დარღვევა;

    • ხშირად ვითარდება მეტაბოლური სინდრომი და იზრდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გართულებების რისკი.

    ამიტომ, თუ პაციენტი ასეთ ასაკში გულზე ჩივილებით მოდის, მხოლოდ კარდიოლოგიური კვლევები არ კმარა. უნდა იქნას გამოკვლეული ჰორმონული სპექტრი და საჭიროებისას დაენიშნოს გინეკოლოგისა და ენდოკრინოლოგის კონსულტაციები.

    აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჰორმონული დარღვევები ხშირად იწვევს აგრესიულ ჰიპერტენზიას, მაგალითად: კონის სინდრომი, ფეოქრომოციტომა, თირკმელზედა ჯირკვლის ადენომა და ა.შ.

მაგალითი პრაქტიკიდან: 55 წლის ქალბატონი უჩიოდა გულის ფრიალის ეპიზოდებს, ტკივილს გულის არეში და არტერიული წნევის მერყეობას. ჩატარდა კარდიოლოგიური კვლევები: ეკგ, ექოკგ, ფიზიკური დატვირთვის სტრეს-ტესტი (ტრედმილი), ლაბორატორიული კვლევები, გულ-სისხლძარღვთა კტ კვლევა, თუმცა გულის პათოლოგია სრულად გამოირიცხა. პაციენტი ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით გადამისამართდა ენდოკრინოლოგთან, სადაც დადგინდა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია. ანუ, ამ პაციენტისთვის მხოლოდ კარდიოლოგს რომ ემკურნალა ანტიარითმიული და წნევის მარეგულირებელი მედიკამენტებით, მისი მდგომარეობა არა თუ არ გაუმჯობესდებოდა, არამედ გართულდებოდა. ენდოკრინოლოგის დროულმა ჩართვამ კი მისი მდგომარეობა სრულად გააუმჯობესა — აღარ აწუხებს არც გულის ფრიალი, არც დაღლა, არც წნევის მერყეობა და არც ტკივილი გულის არეში.

ამ საუბრით ჩემი მიზანია, პაციენტმა დროულად მიიღოს საჭირო ინფორმაცია და მომსახურება კომპლექსური კვლევებითა და მიდგომებით, რადგან ასეთი პაციენტები ყოველთვის საჭიროებენ ენდოკრინოლოგის, ან/და გინეკოლოგის, ან/და ფსიქოლოგის, ან/და ფსიქიატრის შეთანხმებულ მეთვალყურეობას, რათა პაციენტის ზოგადი სტატუსი, შრომისუნარიანობა და სიცოცხლის ხარისხი გაუმჯობესდეს.

ka_GE