Skip to content Skip to footer

ინტერვიუ მენტორებთან: რას ნიშნავს თანადამოკიდებულება?

დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ერთერთ ყველაზე ფარულ და რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეთანადამოკიდებულებაზე. რა არის ეს, როგორ ვლინდება და სად გადის ზღვარი ჯანსაღ მზრუნველობასა და არაჯანსაღ მიჯაჭვულობას შორის?

 

დავიწყოთ მთავარით, ვინ არის სინამდვილეში თანადამოკიდებული? ეს სიტყვა ხშირად გვესმის, მაგრამ ბევრმა ზუსტი მნიშვნელობა არ იცის.

ოთო: გმადლობთ ამ კითხვისთვის. პასუხმა შესაძლოა გაგაკვირვოთ. თანადამოკიდებული არ არის უბრალოდ ადამიანი, ვისაც სხვისი დახმარება უყვარს. ეს ბევრად უფრო ღრმა და ფარული ფსიქოლოგიური მდგომარეობაა.

თანადამოკიდებულება იწყება მაშინ, როდესაც სხვისი ცხოვრება შენსას ჩრდილავს და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე საკუთარი. როდესაც სხვისი პრობლემები, ემოციები და გადაწყვეტილებები შენს პირად საჭიროებებზე მაღლა დგება. ეს მდგომარეობა ხშირად იქ იჩენს თავს, სადაც, ერთი შეხედვით, მხოლოდ „სიყვარული და ზრუნვაა“. ადამიანი მზად არის, ყველაფერი გააკეთოს სხვის დასახმარებლად, მაგრამ ამ პროცესში კარგავს საკუთარ თავს.

თანადამოკიდებულების მთავარი მახასიათებელია სხვისი ბედნიერების კონტროლზე დამოკიდებულება — როცა საკუთარ ღირებულებას მხოლოდ იმით ზომავ, თუ რამდენად კმაყოფილია შენ გვერდით მყოფი ადამიანი. ეს მდგომარეობა ხშირად იმალება მზრუნველობაში, თავგანწირვასა და გადამეტებულ ყურადღებაში. გარედან ეს შეიძლება გმირობასა და თავდადებას ჰგავდეს, მაგრამ შინაგანად ეს არის საკუთარი „მე“-ს უარყოფა და იდენტობის დაკარგვა.

ძალიან საინტერესოა. გამოდის, რომ ზღვარი მზრუნველობასა და თანადამოკიდებულებას შორის საკმაოდ მყიფეა. როგორ უნდა გავმიჯნოთ, ვართ მზრუნველები თუ უკვე თანადამოკიდებულები?

გიორგი: დიახ, ზღვარი ამ ორს შორის რთული შესამჩნევია.

მზრუნველი ადამიანი სხვას გვერდში უდგას, მაგრამ ამას საკუთარი საზღვრების დაცვით აკეთებს. ის ინარჩუნებს თავის ცხოვრებას, ინტერესებსა და მოთხოვნილებებს; ამ პროცესში არ კარგავს საკუთარ იდენტობას და აგრძელებს პირადი საჭიროებების დაკმაყოფილებას. მისი დახმარება თავისუფალი არჩევანია და არა შიში, რომ თუ არ დაეხმარება, სიყვარულს ან ღირებულებას დაკარგავს.

მეორე მხრივ, თანადამოკიდებული ადამიანი საკუთარ თავს კარგავს. მას უჭირს „არა“-ს თქმა, სხვის პრობლემებს საკუთრად აღიქვამს და ამ პროცესში საკუთარი სირთულეები ავიწყდება.

მთავარი განსხვავება მამოძრავებელ ძალასა და შედეგებშია:

  • მზრუნველი დახმარების შემდეგაც მშვიდად აგრძელებს ცხოვრებას.
  • თანადამოკიდებული კი სხვაზეა „მიჯაჭვული“ და მის გარეშე თავს ცარიელად და უმნიშვნელოდ გრძნობს.

საკუთარ თავს დაუსვით კითხვა: „ჩემი მზრუნველობა სიყვარულიდან მოდის თუ შიშიდან?“

როგორ მივხვდეთ, რომ სიყვარული მართლაც არაჯანსაღ, თანადამოკიდებულ ურთიერთობაში გადადის? რა არის მისი ფარული ნიშნები?

ოთო: სიყვარული, რომელიც სითბოთი და ერთგულებით იწყება, ზოგჯერ ისე იცვლება, რომ ჯანსაღ ურთიერთობას აღარ ჰგავს. სწორედ აქ იჩენს თავს თანადამოკიდებულება — მდგომარეობა, სადაც ადამიანები „სიყვარულის“ სახელით კარგავენ საკუთარ თავს და ივიწყებენ პირად საჭიროებებს.

ფარული ნიშნები, თუ ყურადღებით დავაკვირდებით, აშკარა ხდება:

  1. საკუთარი საჭიროებების უგულებელყოფა — როცა სხვისი კეთილდღეობა მუდმივად პირველ ადგილზეა და საკუთარ თავს ყურადღებას აღარ აქცევ.
  2. არა“- თქმის შიში — როცა გგონია, რომ უარი სიყვარულის ან კეთილგანწყობის დაკარგვას ნიშნავს.
  3. ემოციური მიჯაჭვულობა — შენი განწყობა მთლიანად სხვაზეა დამოკიდებული. თუ ის ბედნიერია, შენც მშვიდად ხარ; თუ ის მოწყენილია, შენც ცუდად ხარ და შფოთავ.
  4. სხვისი პრობლემების საკუთარ თავზე აღება — თითქოს შენს მოვალეობად მიგაჩნია, სხვისი პრობლემები მის ნაცვლად გადაჭრა და მის ცხოვრებაში „გადამრჩენელის“ როლი მოირგო.
  5. საკუთარი იდენტობის დაკარგვა — მეგობრებთან, ინტერესებთან და მიზნებთან თანდათანობით დაშორება, რადგან მთელი ენერგია მხოლოდ ერთ ადამიანზე ზრუნვასა და ფიქრში იხარჯება.

ამ ნიშნებს ხშირად „გადამეტებულ სიყვარულს“ ან „გულით დახმარებას“ არქმევენ, მაგრამ სინამდვილეში ეს არ არის ჯანსაღი სიყვარული, რადგან მასში ადამიანი საკუთარ „მე“-ს კარგავს.

თქვენ ახსენეთ, რომ დახმარებაც კი შეიძლება საზიანო გახდეს. როდის ხდება ეს და რა შედეგი მოაქვს?

გიორგი:  სიყვარულითა და მზრუნველობით გაწეული დახმარება ჯანსაღი ურთიერთობის ნაწილია. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც დახმარება საზიანო ხდება — არა მხოლოდ შენთვის, არამედ იმ ადამიანისთვისაც, ვისაც მხარში უდგახარ. ეს თანადამოკიდებულების ერთ-ერთი ყველაზე ცხადი გამოვლინებაა.

თანადამოკიდებული იმდენად ღრმად ეფლობა სხვის პრობლემებში, რომ შეუმჩნევლად იწყებს ამით ცხოვრებას და საკუთარი სირთულეები მისთვის უმნიშვნელო ხდება. თავდაპირველი ზრუნვა დროთა განმავლობაში გადადის კონტროლში, ხოლო სიყვარულის გრძნობა — მუდმივ ნერვიულობასა და შფოთვაში. ადამიანს უყალიბდება რწმენა, რომ მისი დახმარების გარეშე ყველაფერი დაინგრევა.

პრობლემა კი ზუსტად ამაშია: როცა საკუთარ თავს სრულად თმობ, არც შენ რჩები დაცული და არც ის ადამიანი სწავლობს დამოუკიდებლად სირთულეებთან გამკლავებას. დახმარება, რომელიც გამხნევებას ისახავდა მიზნად, საბოლოოდ ორივე მხარისთვის ბორკილებად იქცევა. ეს არის თვალსაჩინო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება კეთილი ზრახვები თვითდესტრუქციის იარაღად იქცეს.

რა თქმა უნდა, ამ მდგომარეობიდან გამოსავალი არსებობს. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი პრობლემის აღიარებაა, შემდეგ კი — დახმარების თხოვნა.

ka_GE